რეგიონი
აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის ხელბარგით გატანაზე აკრძალვა მოიხსნა
რუსეთის სანიტარიულმა უწყებამ აფხაზეთიდან მცენარეული პროდუქციის ხელბარგით რუსეთის ფედერაციაში შეტანაზე შეზღუდვები მოხსნა. საკარანტინო სამსახურის უფროსის არკადი ჯინჯიას განცხადებით, მანდარინის და სხვა ციტრუსის გატანა რუსეთში ჯერ კიდევ შარშან აიკრძალა, აზიური ფაროსანას გავრცელების გამო.

"მაშინ ჩვენ შევძელით მცენარეული წარმოშობის მსხვილი პარტიების გატანასთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრა. მოვიწვიეთ "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები ჩვენს სათბურებსა და პლანტაციებში, რომ მათ ენახათ, თუ რა გულმოდგინედ მიმდინარეობს პროდუქციის დამუშავება. სექტემბერში ჩვენ მივმართეთ უწყებას წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარდა აუცილებელი შეწამვლითი სამუშაოები “, - განმარტა ჯინჯიამ.

აფხაზი და რუსი სპეციალისტების მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ოქტომბრიდან სერტიფიცირებას დაექვედბარებიან ის მოქალაქეები, რომელთაც ხელბარგით და ბარგით გადააქვთ პროდუქცია რუსეთის ფედერაციაში. მისივე თქმით, 5 კილოგრამზე მეტი პროდუქციის გატანისას, "აფხაზეთის საკარანტინო სამსახურმა" მოქალაქეზე ნებართვის ცნობა უნდა გასცეს. აღნიშნული ცნობის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც საზღვარზე, ასევე აფხაზეთის რაიონებსა და ქალაქებში, რაშიც მათ 100 - 150 რუბლის გადახდა მოუწევთ, წერს აფხაზური მედია.

2018 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით, დე ფაქტო აფხაზეთიდან რუსეთში ხელბარგით მცენარეული წარმოშობის 1 ტონამდე პროდუქციის გატანა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა უწყებამ აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროების გამო მიიღო. „როსსელხოზნადზორი“ წერდა, რომ აფხაზეთიდან რუსეთში ჩასული მგზავრების ხელბარგის ფიტოსანიტარული საკარანტინო კონტროლისას, აზიური ფაროსანა აღმოაჩინეს, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საკარანტინო ობიექტების სიაშია შეტანილი.
Print