ახალი ამბები
მესტიაში სალომე ზურაბიშვილს ცეკვით დახვდნენ
საქართველოს პრეზიდეტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მესტიაში მხარდამჭერებს შეხვდა. მას ადილობრივები ცეკვით შეხვდნენ და თაიგულები გადასცეს. შეხვედრა სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა, სადაც გამომსვლელები მოსახლეობას ზურაბიშვილის შესახებ ესაუბრნენ. თავად მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ სვანეთი მისთვის თავისუფლების სიმბოლოა.

"ისეთივე თავისუფალი პრეზიდენტი ვიქნები, როგორც სვანეთია. საქართველოსთვის სვანეთი ძალიან ღირებულია. ის არის ასევე ჩვენი გამაგრებული საზღვარი, რომელიც ყოველთვის იყო გამაგრებული ბოლომდე, ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე საქართველოს ბევრი სხვა რეგიონი და დღესაც მე პირადად, როგორც მომავალ პრეზიდენტს, მაქვს დიდი იმედი სვანეთის, იმიტომ, რომ საზღვარი უნდა იყოს გამაგრებული. სვანეთი და თქვენ ხართ დამოუკიდებლობის მაგალითი. დამოუკიდებლობა არა რაღაც სხვანაირად გაგებული, არამედ დამოუკიდებლობა როგორც თვითმყოფადობა, მაგრამ ერთ საზღვრებს შორის. მე, ასეთი დამოუკიდებელი პრეზიდენტი ვიქნები. დამოუკიდებელი იმით, რომ იმ პრინციპებს დავიცავ, რომელიც არის ჩვენი და რის გამოც, ალბათ, გამომიცხადებთ ნდობას და დამიჭერთ მხარს. მე, ბოლომდე დავიცავ ამ პრინციპებს, რასაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენობა და სხვა ადამიანური პრინციპები, რაც ჩვენ ოდითგანვე გაგვაჩნია", - აღნიშნა მან.

alt

ზურაბიშვილმა სვანეთს კულტურული მემკვიდრეობის სკივრი უწოდა და აღნიშნა, რომ ის იქნება საქართველოს კულტურის პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ.

მან ასევე ისაუბრა კოდორის ხეობაზე და თქვა, რომ "ოდესღაც" მას "ვიღაცამ" უწოდა "ზემო აფხაზეთი" და ამით ჩაიდინა დანაშაული.

"რატომ მივატოვეთ კოდორი, რატომ მივატოვეთ იქ ახალ შეძენილი იარაღი. მეორე კითხვა, რაც მაქვს, ომი არ დამთავრებული სამ თვეში, რატომ გადაეცა რუსეთს ენგურჰესი. არ შეიძლება არ იცოდე ისტორია. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა მაინცდამაინც უნდა ჩაჯდეს ციხეში ან ვინმე დაისაჯოს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ვიცოდეთ რა არის შავი და რა არი თეთრი", -თქვა ზურაბიშვილმა.

მან მარიხუანას თემაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ საქართველოს არც ისე ჯანმრთელი ახალგზარდები ჰყავს.

"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები და ავუხსნათ, რომ ეს არ არის სვანეთისთვის საკადრისი საქციელი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გავშავოთ ეს საინფორმაციო კამპანია", - თქვა მან.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.
Print