ახალი ამბები
ვიქტორ ჯაფარიძე მესტიაში: ესენი გვამებს არიან მიჩვეულები და გვამს ელოდებიან (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მესტიაში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, მას, როგორც პარლამენტის წევრს, კონსტიტუციით აქვს უფლება, რომ პატიმარი მოინახულოს და პრობლემა არა ეს საუბარი, არამედ საუბრის ჩაწერაა.

„ესენი გვამებს არიან მიჩვეული და გვამს ელოდებიან. ის არის ჩემი ამომრჩეველი და არ ვარ ვალდებული გავანდო ეს ინფორმაცია სხვას. მე ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს... მე ვთვლი, რომ სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეს ყველაფერი. არასერიოზული და ტყუილი ერთი და იგივე არ არის? მაინტერესებდა და მაინტერესებს მისი მდგომარეობა. როგორ მოხდა, რომ პატიმრისა და პარლამენტის წევრის საუბარი ჩაიწერეს, ეს უნდა იკითხოთ თქვენ და არა სენსაცია ეძებოთ კიდევ. ნაციონალების ნარჩენებს უნდათ, ისევ იმ რეჟიმში გვაცხოვრონ, თუმცა ხალხმა უარი თქვა ბინძურ მეთოდებზე და 28-ში კიდევ ერთხელ ეტყვის მათ: არა, შეგვეშვით“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ არ აქვს ინფორმაცია, რატომ იმყოფებოდა პატიმარ სუბელიანთან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ცუხიშვილი და თავად პატიმრის მამა. 



ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა.

ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ ის გაურიგდა ხელისუფლებას და ჩაჯდა ციხეში, თუმცა მათი გარკვეული ქმედებებით უკმაყოფილოა.  აქვე ისმის რამდენიმე გახმაურებული საქმე. სუბელიანი ხაზს უსვამს, რომ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩაწერილი და დაარქივებულია.
Print