ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები გამოავლინეს, სადაც ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებით ანგარიშებს კანონდარღვევით გასცემდნენ.

უწყების ინფორმაციით, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სულ გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნულ ცენტრებში საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
Print