რეგიონი
სოხუმში ტურისტების გასართობად დატყვევებულ გარეულ ცხოველებზე იმსჯელეს
სოხუმში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ბუნების დაცვის პროკურორმა დენის ჩამბამ და მისმა მოადგილემ ადამურ ჭედიამ ეკოლოგიური უწყების საქმიანობაზე ისაუბრეს.  მათ ქალაქის ტერიტორიასა და ტრასაზე უმეთვალყურეოდ დატოვებული პირუტყვზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ამ პრობლემას სპეციალურმა ავტო მეურნეობამ უნდა გაუწიოს კონტროლი, რათა საქონლის დაჭერა და სპეციალურ სადგომში გადაყვანა მოხდეს. მან აქვე აღინიშნა, რომ საავტომობილო ტრასის ყოველ მონაკვეთზე შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი.

რაც შეეხება გარეულ ცხოველებს, რომლებსაც მოქალაქეები ტყვეობაში ამყოფებენ და ტურისტების გასართობად იყენებენ, ჩამბამ აღნიშნა, რომ „აფხაზურ კანონმდებლობა" სასჯელს მხოლოდ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში ითვალისწინებს, სხვა შემთხვევაში, მიუხედავად მოქალაქეებისგან შემოსული საჩივრებისა, რომლებიც ცხოველების გათავისუფლებას ითხოვენ, ისინი ვერანაირ ღონისძიებას ვერ ატარებენ. 

ჟურნალისტის კომენტარზე იმის თაობაზე, თუ რა ზომებს მიიღებენ, ტურბაზასა და გულრიფშში პატარა გალიებში წლების განმავლობაში დატყვევებული დათვების გადასარჩენად, მან უპასუხა, რომ ვერაფერს იღონებენ, რადგან ახლა ცხოველების გაშვება უკვე საშიშია, ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს - მათი დაძინებაა.

საუბარი ასევე შეეხო რიწაში არსებულ უკანონო სამხეცეს, რომელიც მიუხედავად ლიცენზიის არარსებობისა, აგრძელებს მუშაობას. მის მფლობელს აღნიშნულ ადგილზე ტურისტების მიღების შეზღუდვა და ვოლიერების წესრიგში მოყვანა დაევალა.

ეკოლოგიური უწყების წარმომადგნელებმა შეკრებილებს განუმარტეს, თუ ვის და რა ფორმით უნდა მიმართონ მოქალაქეებმა დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში.

Print