ახალი ამბები
ანაკლიაში ზღვის ფსკერიდან რეკორდული რაოდენობის ქვიშა ამოტუმბეს
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე 3 440 000 კუბური მეტრი ქვიშა ამოტუმბა და ხმელეთზე გადაიტანა, რაც პორტის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე დაგეგმილი საზღვაო სამუშოების 80 პროცენტია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ „ანაკლიის კონსორციუმიდან“ აცნობეს. მთლიანობაში, „ათენა“ პორტის საზღვაო აკვატორიაში 5 მილიონ კუბურ მეტრ ქვიშას ამოიღებს. მიმდინარე სამუშოებში, მსოფლიოს წამყვან ჰოლანდიურ კომპანია „ვან ოორდის“ სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

მიმდინარე სამუშაოების პროგრესის შესაფასებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და „ვან ოორდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და რეგიონული დირექტორი პოლ ვეჰოლი ანაკლიაში ჩავიდნენ და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გვქონდა. „ვან ოორდი“ ძალიან დიდ კონტრიბუციას ახორცილებს ანაკლიის პროექტში, როგორც პირველი მშენებელი და კონტრაქტორი, ასევე როგორც ინვესტორი. ჩვენ უკვე ამოვიღეთ დაახლოებით 4 მილიონამდე კუბური მეტრი ქვიშა და ეს რეკორდული ციფრია. ეს ის რაოდენობაა, რომლის სხვა მეთოდით სანაპიროზე მოტანას 344 000 სატვირთო მანქანა დასჭირდებოდა. სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და „ათენას“ მუშაობის დასრულება ნოემბრის პირველ ნახევარში იგეგმება. რის შემდეგაც გადავალთ მეორე ეტაპზე, რაც უკვე ზღვის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე დაღრმავებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

რეკლამაციასა და დაღრმავებასთან ერთად თითქმის დასრულდა „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული. პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.


ამავე თემაზე:

 ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები დაიწყო (ფოტო, ვიდეო)
Print