რეგიონი
სოხუმი ფაროსანაზე: მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად პრობლემა სერიოზულია
აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავაც სერიოზული რჩება, ამის შესახებ "აბხაზია ინფორმს" დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმირ დაუროვმა განუცხადა. მისი თქმით, ზამთრის პერიოდში, როდესაც მავნებელი იძინებს, მოსახლეობამ ყველა ძალისხმევა უნდა გამოიყენოს, მისი მექანიკურად შეგროვებისთვის.

დაუროვის ცნობით, რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების სახით მიწოდებული ქიმიური პრეპარატების საშუალებით მოხერხდა მავნებლის რაოდენობის შემცირება. თუმცა, მისი თქმით, ძვირადღირებული პრეპარატები ძირითადად, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში გუდაუთის რაიონისკენ მიმართეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" მიერ გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა, რომელმაც მოსახლეობას საინფორმაციო სემინარები ჩაუტარა.

"შეიქმნა ფაროსანასთან ბრძოლის რესპუბლიკური შტაბი, ყველა სოფელს გადაეცა ქიმიური პრეპარატები და დამზადდა 10 ათასამდე საინფორმაციო ბუკლეტი. მიუხედავად გატარებული საინფორმაციო კამპანიისა, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა პრეპარატები და შესასხურებელი აპარატები აღარ გამოიყენა. იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობა პასუხისმგებლობით მოეკიდა პრობლემას, სიტუაცია ნორმალურია, მათ შორის ციტრუსის პლანტაციებში", - თქვა დაუროვმა.

მან აღნიშნა, რომ რაიონის ადმინისტრაციებს აზიურს ფაროსანასთან საბრძოლველად ახალი ტექნიკა გადაეცა, თუმცა, ეს მომსახურება უფასო არ იქნება.

მისივე ცნობით, სამინისტროში შეიქმნება მცენარეთა დაცვის სამსახური, რომლის მიზანი მავნებლის გამოვლენა და მცენარეთა მკურნალობა იქნება. გაზაფხულისთვის მსგავსი განყოფილებები ოჩამჩირესა და გუდაუთაში გაიხსნება.
Print