რეგიონი
აფხაზეთში პალმების გადასარჩენად კამპანია დაიწყო
აფხაზეთში პალმები განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იუბეას (Jubaea) ჯიშის პალმები, რომლებიც აფხაზეთის თითქმის ყველა ქალაქს ამშვენებს - დაავადებულია. მათი დაზიანება პალმის წითელმა ცხვირგრძელამ (Rhynchophorus ferrugineus) გამოიწვია, წერს „აბხაზია ინფორმი“, გამოცემის ცნობით, მავნებლის ეს სახეობა 2013 წელს სოჭიდან გავრცელდა.

პალმების გადასარჩენად სოციალურ ქსელ ფეისბუკში კამპანია დაიწყო, რომლის ერთ-ერთმა ინიციატორმა „აფხაზეთის კეთილი ნების“ ელჩმა, თენგიზ თარბამ მოქალაქეებს მოუწოდა, შეაგროვონ თანხა პალმის წითელი ცხვირგრძელას წინააღმდეგ საბრძოლველად.

"აფხაზეთს მორიგი ეკოლოგიური საფრთხე ემუქრება! მთელს ქვეყანაში ასწლიანი პალმები იღუპება! რამდენიმე წელიწადში შეიძლება პალმები საერთოდ გაქრეს. მავნებელი კენწეროში ანადგურებს ზრდის წერილს! პროფილქტიკური მკურნალობა შესაძლებელია იმიდაკლოპრიდის საშუალებით! მთავარია მოვასწროთ მცენარის მკურნალობა, სანამ მას კენწერო მოტყდება! აუცილებელია, როგორც ჯანმრთელი, ასევე, დაზიანებული მცენარეების მკურნალობა! ქიმიკატების ერთი კანისტრა 40 000 რუბლი ჯდება. საჭიროა 5 500 000 რუბლის შეგროვება!"-, წერს თარბა.

მანამდე, სოხუმის გამწვანების სამსახურის ადმინისტრაციამ, ეკოლოგების დახმარებით, შეწამლა მავნებლის მიერ დაზიანებული ხეები, თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია და „ ლეონის პროსპექტზე დარგული 10 - მეტრიანი პალმების მოჭრა გახდა საჭირო“, წერს გამოცემა.

ამავე ინფორმაციით, ყველაზე რთული სიტუაცია გაგრის ზონაში შეიქმნა. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, გაგრის ტერიტორიაზე წითელმა ცხვირგრძელამ 100 - ზე მეტი პალმა დააზიანა.


ფოტო: ტელესტუდია "Асаркьа"
Print