რეგიონი
ზუგდიდში 29 მოქალაქის მიმართ თაღლითობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ლ.ნ. დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოქალაქეების მოტყუებით, თაღლითურად თანხისა და სხვადასხვა ნივთების დაუფლების მიზნით ლ.ნ.-მ  დააფუძნა არასამეწარმეო ფონდი - ,,ზრუნვა". ლ.ნ. მოქალაქეებს უხსნიდა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია უცხოური დონორებისგან ფინანსდებოდა, რაც გარკვეული სეგმენტის ინტერესებს უნდა მოხმარებოდა, მათ შორის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ხალხს.

"2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით, ის უკავშირდებოდა ნდობაში შესულ პირებს და ჰპირდებოდა, რომ თუკი მის მითითებებს შეასრულებდნენ, მიიღებდნენ ფინანსურ სარგებელს. ლ.ნ.-ს მითითების თანახმად, 29 მოქალაქემ, კონკრეტულ ბანკებთან სესხის და განვადების ხელშეკრულება გააფორმა. ლ.ნ. დაზარალებულებს ჰპირდებოდა, რომ ბანკებთან ფინანსურ  ვალდებულებებს თვითონ შეასრულებდა და მათ მიერ განვადებით გამოტანილ ავეჯს და სესხის დიდ ნაწილს მოტყუებით ეუფლებოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი მათ თანხებს ჩუქნიდა და ეუბნებოდა, რომ დარჩენილ ვალდებულებებზე არც უნდა ეფიქრათ. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლ.ნ. არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რითაც მის მიერ განხორციელებული თაღლითური სქემის გამოყენებით, 29 დაზარალებულს  117,367,47 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა", - ნათქვამია პროკრატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ლ.ნ. 2018 წლის 1 აგვისტოს სარფის გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავეს, როცა იგი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით  (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 





Print