რეგიონი
განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდში უფასო სკრინინგი ჩატარდება
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეგიონებში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვების უფასო სკრინინგს აგრძელებს.

"პირველი ნაბიჯის" კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის სპეციალისტები მიმდინარე წლის 3 და 4 ნოემბერს ზუგდიდს ესტუმრებიან. აქციის ფარგლებში ისინი 0-5 წლამდე განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს სკრინინგს ჩაუტარებენ. მსურველებმა რეგისტრაცია 2 ნოემბრამდე უნდა გაიარონ.

"აღნიშნული სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად ადრეულ ასაკში მოხდეს ბავშვის განვითარების შეფასება და საჭიროებების გამოვლენა. სკრინინგის დროს ჩვენი სპეციალისტების მიერ მოხდება განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის არსებობის ადრეული გამოვლენა, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მშობლების კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში ბავშვების შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში გადამისამართება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები - ექიმები, ფსიქოლოგები, ოკუპაციური და მეტყველების თერაპევტები", - თქვა ორგანიზაციის კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან ბოჭორიშვილმა.

2018 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ უფასო მომსახურება გაუწია 100-ზე მეტ ბენეფიციარს გორში, რუსთავსა და ახალციხეში. წლის ბოლომდე მსგავსი აქცია ზესტაფონშიც გაიმართება.

"პირველი ნაბიჯი 20 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე. უფასო სკრინინგი რეგიონებისთვის, ეს არის ჩვენი სურვილი 20 წლის გამოცდილება გავიტანოთ თბილისს გარეთაც და დავეხმაროთ რეგიონებში მცხოვრებ ოჯახებს", - აღნიშნა "პირველი ნაბიჯის" დირექტორმა თამარ ზაალიშვილმა.




ჩაწერისთვის დარეკეთ: 568 48 00 15; 579040119, 10:00 დან 18:00 საათამდე.

უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდება 3 ნოემბერს, შაბათს, ზუგდიდში, ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრში ზუგდიდის ფილიალში, მისამართზე: გორკის ქუჩა #46 (ძველ ავტოსადგომთან).

ხოლო 4 ნოემბერს, კვირას, ზუგდიდში ორგანიზაცია „ნერგებში“, მისამართზე: ლაზის ქუჩა #47 (მშენებარე ტაძრის წინ).

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის და "პირველი ნაბიჯის" პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე: www.firststep.ge; facebook.com/firststepgeorgia/;
Print