რეგიონი
ფოთის საკრებულოში ხმაური იყო
ფოთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ ხელისუფლება ამომრჩევლებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულა. ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებით, არჩევნების დღესაც და არჩევნების შემდეგაც, საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებენ და მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

ოპოზიციამ დღეს სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა.

"არჩევნები გაყალბებით მიმდინარეობდა. ქართველმა ხალხმა მაინც აჯობა ამ ცრუ, ოლიგარქიულ მმართველობას და ხმა მისცა იმას, ვინც საქართველოს წაიყვანს წინ. საქმეც იმაშია, რომ მიდიან მოქალაქეებთან და ეუბნებიან, რომ თუ არ მისცემენ ხმას ,,ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ზეწოლის გარეშე მისცენ ხალხს საშუალება, გააკეთონ თავისუფალი არჩევანი,"-განუცხადა ჟურნალისტებს დარეჯან ცხვიტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ უპასუხა.

"სწორედ ის ძალა მოდის, თუ გამოუშვა ხალხმა, რომელმაც უსაფუძვლო ბრალდებებით 40 ათასი ხალხი ჩასვა ციხეში. საკრებულოს წევრს სრული უფლება ჰქონდა თავის უბანში გაეწია აგიტაცია. ახლა ესენი აშინებენ ხალხს, აი მოვა მიშა და დაგიჭერთ კიდევ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქი სწორ არჩევანს გააკეთებს ,"-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"
Print