რეგიონი
გალელების უმეტესობა "აფხაზურ" პენსიას ვერ აიღებს
პირველი ნოემბრიდან, დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა პენსიონერთა რეგისტრაციას იწყებს. გალის რაიონის მცხოვრებლების ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძელებათ, ვისაც აფხაზური პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა აქვს აღებული, წერს DFWatch. ამავე ცნობით, პენსიონერების უმრავლესობას, მხოლოდ ე.წ. წითელი პასპორტი აქვს, შესაბამისად ისინი "აფხაზურ" პენსიას ვერ აიღებენ.

"წითელი პასპორტები რამდენიმე თვეა გაუქმდა, შესაბამისად, ვისაც მხოლოდ ეს საბუთი გვქონდა, ახლა გადაადგილებასაც ვერ ვახერხებთ. აქ ვართ გამოკეტილი და ექიმი რომ დაგვჭირდეს, "საზღვარზე" არავინ გაგვატარებს. ბინადრობის უფლების მოწმობის აღებას იმდენი საბუთი უნდა, ჩვენი თაობის ხალხმა ძნელად თუ მოაგროვოს ყველა მათგანი. ახლა პენსიონერთა რეგისტრაცია იწყება და ვისაც წითელი პასპორტები გვქონდა, პესნიას მოგვიხსნიან" , – უთხრა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრმა, პენსიონერმა ნ.ტ.-მ.

აფხაზეთის ტერიტორიაზე, საწყისი პენსია თვეში 150 რუსული რუბლია, რაც დაახლოებით 6,5 ლარს შეადგენს. შრომის წიგნაკის არსებობის შემთხვევაში, პენსია 500 რუსულ რუბლმდე იზრდება, რაც თვეში 22 ლარს შეადგენს.

შედარებით მაღალი პენსია აქვთ იმ პირებს, ვინც ჯერჯერობით ქართული მხარისგან არ იღებს ანაზღაურებას. საქმე იმაშია, რომ აფხაზური მხარე ქალებზე პენსიას 55 წლიდან, მამაკაცებზე კი 60 წლიდან გასცემს, რაც ქართულ საპენსიო ასაკს 5 წლით უსწრებს, შესაბამისად, აფხაზური მხარე ამ კატეგორიას 5 წლის განმავლობაში, დამატებით, წლიურად 12 000 რუსულ რუბლს, დაახლოებით 520 ლარს, უხდის. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, პენსია სტანდარტულად 150-დან 500 რუსულ რუბლამდე მერყეობს.

რუსული პასპორტის მქონე პირების პენსია 5000 რუსულ რუბლს (205 ლარი) შეადგენს, თუმცა, გამოცემის ცნობით, მსგავსი საბუთი გალის რაიონში სულ რამდენიმე ადამიანის აქვს.
Print