რეგიონი
ასოციაცია "ათინათი" 23 წლის გახდა
ასოციაცია "ათინათი" 1995 წელს შეიქმნა. ის პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო ქალაქ ზუგდიდში და ორ ათეულ წელზე მეტია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს.

"23 წლის წინ იყო მხოლოდ იდეა და მაღალი მოტივაცია. გვინდოდა, რაღაც შეგვეცვალა საზოგადოებაში. ორგანიზაციისთვის ეს საკმაოდ დიდი ასაკია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მართლა ბევრი რამ შევცვალეთ. პირველ რიგში, შევიცვალეთ ჩვენ და შევცვალეთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ. ცვლილებები შეიძლება შეხებოდა, როგორც მათ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ან უბრალოდ მენტალობას. ვფიქრობ, რომ "ათინათგამოვლილ" ადამიანს გაცილებით უფრო მაღალი აქვს მოქალაქეობრივი შეგრძნება. "ათინათი" უკვე ბრენდია და ეს არ არის 2 ან 3 ადამიანის დამსახურება. სულ ვამბობ, რომ თითოეულმა ადამიანმა ვინც იყო ჩვენთან "ათინათის" განვითარებასა და მშენებლობაში თითო აგური დადო, ყველამ შეიტანა თავისი წვლილი. ამიტომ, ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, ვინც თავს "ათინათელად" გრძნობს და მიიჩნევს", - თქვა ასოციაცია "ათინათის" აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ.


საზოგადოების მაღალი ნდობა, რომლის მოპოვებაც "ათინათმა" შეძლო, რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: მაღალკვალიფიციური კადრები, კეთილგანწყობილი გარემო, ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხარისხითა და ობიექტურობით გამორჩეული საკუთარი მედია საშუალება (რადიო "ათინათი" FM 105.9). ორგანიზაციის მდგრადობის დასტურია 100–ზე მეტი წარამტებულად განხორციელებული პროექტი და შესაბამისად, ათასობით კმაყოფილი და მადლიერი ადამიანი.

"ათინათის" მისიაა: განათლებული, ტოლერანტი და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამისათვის, "ათინათი" ახორციელებს მოქალაქეთა კომპეტენტურობის ამაღლების, უფლებების დაცვის და შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობ პროგრამებს. ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და მოსახლეობის ინფორმირებულობას.

განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის დევნილი (რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე) მოსახლეობის გაძლიერებას.
Print