ახალი ამბები
ზუგდიდში ტექინსპექტირების ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა
ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრს, რომელიც ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე მდებარეობს, აკრედიტაცია შეუჩერდა. გადაწყვეტილება აკრედიტაციის ცენტრში წერილობითი მიმართვების საფუძველზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო მიიღეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აკრედიტაციის ცენტრში კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში აღმოჩენილი შეუსაბამობები განიხილეს.

„ზუგდიდში (პუშკინის ქ. 102) მდებარე შპს "ტრანს ჯგუფი"-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს სრულად შეუჩერდა აკრედიტაცია (M2, M3, N2, N3, O3, O4 - კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ერთი HV ხაზი); M2, M3, N2, N3, O3, O4 - კატეგორიების გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა, რომელთაც სრულად შეუჩერდათ აკრედიტაცია ან შეუმცირდათ სამოქმედო სფერო, უნდა აღმოფხვრან შეუსაბამობები და გაიარონ ხელახალი აკრედიტაცია 3 თვის შემდეგ.
Print