რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოს ნონა გაფრინდაშვილის ძეგლის დადგმის თხოვნით მიმართეს
ზუგდიდში, ჭადრაკის სასახლის წინ, შესაძლოა, ნონა გაფრინდაშვილის ძეგლი დადგან. შესაბამისი ინიციატივით ზუგდიდის საკრებულოს ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა სპორტსმენებმა ერთობლივად მიმართეს. საკითხის პირველი განხილვა ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიაში გუშინ გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის ძეგლის დადგმის საკითხი ადამიანთა მცირე ჯგუფის გადასაწყვეტი არ არის და ამას ფართო კონსულტაციები სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ნონა გაფრინდაშვილი არის ცოცხალი ლეგენდა და არამხოლოდ ზუგდიდისა და საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის ნამდვილად დიდი სპორტსმენია. ვფიქრობ, ამ საკითხს ფართო განხილვა სჭირდება, მათ შორის, თავად ქალბატონ ნონასთან და ამის შემდეგ გადაწყდება საკითხზე მუშაობა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლაგვილავამ.

ნონა გაფრინდაშვილს საპატიო ზუგდიდელის წოდება 2017 წლის სექტმბერში მიენიჭა.




Print