ახალი ამბები
ბესელია: გახარიას ვიზიტი ზუგდიდში მეორე ტურის სტაბილურად ჩატარებას ემსახურება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, გუშინ გიორგი გახარიას ზუგდიდში ჩასვლა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრა არჩევნების მეორე ტურის სტაბილურად  და უსაფრთხოდ ჩატარებას ემსახურებოდა. 

„შს მინისტრის რეგიონებში ჩასვლა არ არის პირველი. ის რამდენჯერმე იყო და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადგილზე ეცნობოდეს სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობას საარჩევნო პროცესის თვალსაზრისით, რათა პოლიციამ შეასრულოს თავისი მოვალეობა. ის არ ერევა არჩევნების პროცესში, მაგრამ ვალდებულია მოსახლეობის უსაფრთხოება, საზოგადოების წესრიგი დაიცვას. ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციის მზადყოფნას. განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვხედავთ, ბოლო წლებში, რამდენად დისტანცირებულია და იცავს პოლიცია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ამ მხრივ, მინისტრის ადგილზე ჩასვლა და სტრუქტურების გაცნობა მხოლოდ ეხმარება ამ პროცესის კიდევ უფრო სტაბილურობას",- უთხრა ჟურნალისტებს ბესელიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდა. შეხვედრის შემდეგ გახარიამ თქვა, რომ არჩევნების პირველი ტური, უსაფრთხოების კონტექსტში შეაჯამა. გახარიას ინფორმაციით, ეს მისი რიგითი შეხვედრა იყო და მეორე ტურის უსაფრთხოდ ჩატარების გარდა სხვა თემას არ ეხებოდა.


ამავე თემაზე:

გიორგი გახარია: ზუგდიდში ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე არჩევნებთან დაკავშირებით 
Print