პოლიტიკა
ექსპერტი: მერის მოვალეობის შემსრულებელს ვიცე-მერის დანიშვნის უფლება აქვს
ზუგდიდის ვიცე-მერად, შესაძლოა, TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველი გეგა შენგელია დაინიშნოს. იქიდან გამომდინარე, რომ ზუგდიდის მერის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს, რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, შეუძლია თუ არა მას ვიცე-მერის დანიშვნა. ამ საკითხზე თვითთმართველობის საკითხებში ექსპერტს კოტე კანდელაკს დავუკავშირდით. კანდელაკი მიიჩნევს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელს ვიცე-მერის დანიშვნის უფლება აქვს, თუმცა ეს მკაფიოდ და კონკრეტულად თვითმმართველობის კოდექსში არ წერია.

„გამომდინარე იქიდან, რომ მერის მოვალეობის შესრულება მოადგილეს უწევს თვეების განმავლობაში, ლოგიკურია, რომ მას შეუძლია ის უფლება-მოვალეობები განახორციელოს, რომელიც მერს აქვს. სხვა შემთხვევაში, მერიის ფუნქციონირების შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს“, - გვითხრა კანდელაკმა.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეასრულებს ვიცე-მერის დანიშვნის შემდეგ მერის მოვალეობას, კანდელაკმა თქვა, რომ მას ისევ ის პირი შეასრულებს, თუმცა, მისი გადადგომის შემთხვევაში, მერის მოვალეობის შესრულებას ვიცე-მერი უნდა შეუდგეს.

„მას შეუძლია, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნოს პირი, თუმცა, თუ თავად გადადგა, მერის მოვალეობას უკვე ვიცე-მერი შეასრულებს“, - თქვა კანდელაკმა.

TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველის გეგა შენგელიას ზუგდიდის ვიცე-მერად შესაძლო დანიშვნის სესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ რადიო "ათინათს"უთხრა, რომ ამ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს.

ამავე თემაზე:

გეგა შენგელია ვიცე-მერად შესაძლო დანიშვნაზე: ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა
Print