ახალი ამბები
ზუგდიდში აუზი შესაძლოა შპს "კარკასმა დააპროექტოს
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ზუგდიდში აუზის მშენებლობის დაპროექტებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ყველაზე დაბალი ფასი შპს „კარკასმა“ დააფიქსირა. კომპანია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და  სამშენებლო სამუშაოებზე საავტორო ზედამხედველობისთვის 245 834 ლარს ითხოვს.

ამავე ინფორმაცით, შენობაში უნდა განთავსდეს დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები და საჭყუმპალაო.

„საცურაო აუზი დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რეკომენდირებული სიგრძე უნდა იყოს 50 მეტრი, სიგანე 25 მეტრი (გარე ზომა 56/30), სიღრმე საშუალოდ 2 მეტრი. საჭყუმპალაოც უნდა დაპროექტდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეკომენდირებული ზომებია 10 მეტრი 16 მეტრზე (გარე ზომა 14/20), (სიმაღლე საშუალოდ 0.6-0.8მ), ტრიბუნები 500 სკამით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ტენდერი ოქტომბერში გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურებისთვის შესყიდვის ღირებულება 295 000 ლარს შეადგენს.

ზუგდიდში, ძველ პარკში (ყოფილი კომკავშირის პარკი) ევროსტანდარტების სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის აშენების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 27 ივნისს, ზუგდიდში გააკეთა. მისივე თქმით, ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც მთავრობა მსგავს პროექტს განახორციელებს.

ამავე თემაზე:

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში აუზის პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა
Print