ახალი ამბები
გუბერნატორი: გახარიასთან ერთად ფერმერებთან და მეწარმეებთან თხილის გადარჩენის გეგმაზე ვისაუბრეთ
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა და თხილის გადარჩენის გეგმაზე ესაუბრა. მოწერელიას თქმით, მან გამოსცა განკარგულება, რომელიც ამ დარგში ცოდნის გაღრმავებას და ამ გზით მოსავლის ზარალის შემცირებას ითვალისწინებს. მოწერელიას შეფასებით, თხილთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა უმძიმესია.

"მთავარი ამოცანაა ის, რომ ახლა მომავალი წლისთვის მაქსიმალურად შევამციროთ ზარალი. ახლა ძირითადი პრობლემაა ფაროსანა და ასევე ის, რომ თხილის ბაღები მოუვლელია.ხელისუფლება და ბიზნესი ვერთიანდებით, რომ ფერმერებთან მივიტანოთ ცოდნა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მოსავალი. მე გამოვეცი განკარგულება თხილის მოსავლის 2019 წლის ზარალის შემცირებაზე, რაც გულისხმობს, ცოდნის გაღრმავებას, მათ შორის, როგორ შეიწამლოს ბაღები და ასე შემდეგ. ამაში ჩაერთვებიან სოფლის წარმომადგენლებით და მომავალი წლისთვის 10 ათასამდე ფერმერის ჩართვას ვგეგმავთ",-აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, შეხვედრა სპონტანურად დაიგეგმა. რაც შეეხება შს მინისტრის ზუგდიდში ვიზიტს, მოწერელია განმარტავს, რომ ის ვიცე პრემიერია და შესაბამისად, ამ საკითხებით დაინტერესებულია. ამასთან, მოწერელია თქმით, გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს მან ამ დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის შეხვედრას გიორგი გახარიასთან, მოწერელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიცე პრემიერი მათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრება, თუმცა ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ უსაფრთხო ჩატარებასთან კონტექსტში იყო.

ერთ-ერთი, ვისაც დღეს გიორგი გახარია შეხვდა, ხობის მაჟორიტარი ირაკლი ბერაიაა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედა "დახურული იყო" და იმ საკითხებზე, რაც განიხილეს, ჟურნალისტებთან კომენტარს ვერ გააკეთებდა. კითხვაზე კი, უკავშირდება თუ არა დღევანდელი შეხვედრა არჩევნებს, ბერაიამ გვიპასუხა, რომ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.


ამავე თემაზე:

გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია მეთხილეებს შეხვდნენ
Print