ახალი ამბები
"ევროპული საქართველო": „ქართული ოცნება“ ჩვენი წევრის გადაბირებას ზეწოლით ცდილობს
პარლამენტის წევრის ლელა ქებურიას ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს წევრ ირაკლი ღურწკაიაზე მმართველი პარტია ზეწოლას ახდენს. ქებურიას ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს გიორგი გახარიაც შეხვდა. მისი მტკიცებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ღურწკაიას გადასაბირებლად, ე.წ. ძველი ბიჭების მეშვეობით, სხვადასხვა მანიპულაციას მიმართავენ.

„მათ კარგად იციან, რომ არჩევნების მეორე ტურზე „ევროპული საქართველოს“ ხმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. "ძველი ბიჭების" მეშვეობით გადიან კონტაქტზე ირაკლისთან და არის არნახული ზეწოლა მასზე. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მას პირდებიან გარკვეული პრობლემების მოგვარებას და იყენებენ სხვადასხვა ბერკეტს მის წინააღმდეგ. ჩვენთან მოვიდა ინფორმაცია, რომ დაბარებული ჰყავდა ჟურნალისტები და სავარაუდოდ, სწორედ ჩვენ წინააღმდეგ აპირებდა განცხადების გაკეთებას“, - აღნიშნა ქებურიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ღურწკაიას ვერ უკავშირდებიან, რადგან ტელეფონი გათიშული აქვს. პარლამენტის წევრი ასევე ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრები მათ კოორდინატორებსაც აშინებენ და გადაბირებას ცდილობენ.

ირაკლი ღურწკაიამ დღეს 11 საათზე "იმედის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები დაიბარა, თუმცა ადგილზე სხვა მედიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მის ნაცვლად კი ნანიშნულ ადგილას „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრები დაგვხვდნენ. მოგვიანებით ღურწკაიამ კომენტარის გაკეთება ზემოაღნიშნულ ტელევიზიებთან სხვა ადილზე ისურვა. ჩვენ არაერთხელ ვეცადეთ მასთან დაკავშირება, თუმცა საკრებულოს წევრი "რადიო "ათინათის" აზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.
Print