ახალი ამბები
გიორგი გახარიას საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,კოლხური შემოდგომა" აღნიშნეს, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 5 "საპატიო ჩხოროწყუელი" დააჯილდოვეს. მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, გახარია წარმოშობით, სოფელ მუხურიდან არის და მას მუნიციპალიტეტის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

"გიორგი გახარია სენაკშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით მუხურიდან არის. გარდა ამისა არის ჩვენი მეგობარი სამინისტრო, პლუს ამას ჩართულია სხვადასხვა პრობლემატური საკითხების მოგვარებაში. მას განსაკუთრებულად უყვარს და ეხმარება ჩხოროწყუს ბევრ სასიკეთო საქმეებში", - აღნიშნა დავით გოგუამ.

ასევე, საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭათ: დემურ ანთიას ( ხელოვანი, სკუპლტორი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი); რევო ესართიას ( მხატვარ-დიზაინერი, ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის" პედაგოგი ხელოვნების დარგში); ნუგზარ ჟვანიას (ჟურნალისტი, პუბლიცისტი, შრომის ვეტერანი); ბაბუცი თოლორდავას (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი);

გოგუას ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყევტილება 7 კაციანმა კომისიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან.


Print