ახალი ამბები
გიორგი გახარია ზუგდიდში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს დღესაც შეხვდა
შს მინისტრი გიორგი გახარია დილიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტის მერებთან, საკრებულოს წევრებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან მართავდა. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, მინისტრთან მისი საუბარი მეორე ტურისთვის მზადებას შეეხო, რათა არანაირ ინციდენტს არ ჰქონდეს ადგილი. როგორც გოგუამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ისინი მზად უნდა იყვნენ მოსალოდნელი პროვოკაციებისთვის, რომელიც შეიძლება არჩვენების დღეს დაიგეგმოს.
alt
"თქვენ იცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებზეა გადასული და ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოკაციებს. მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ მეორე ტური, ეს იმას ნიშნავს, რომ დაცული უნდა იყოს თითოეული ამომრჩევლის ხმა და არანაირ ექსცესებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი", - აღნიშნა დავით გოგუამ.

რაც შეეხება აბაშის მაჟორიტარ დეპუტატს ოთარ დანელიას, ის ამბობს რომ მინისტრთან მისი შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, ხოლო საუბარი  უსაფრთხოებასა და არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას შეეხო.

"შეხვედრა, ძირთადად,  მერთან , საკრებულოს თავმჯდომარესთან და გუბერნატორთან იყო. ამ შეხვედრაზე სურ რამდენიმე წუთით იყო მინისტრი და საუბარი უსაფთხოებას ეხებოდა", - თქვა დანელიამ.
alt
გუბერნიაში იმყოფებოდა აბაშის მერი ლევან მაკალათიაც. ის ამბობს, რომ მაჟორიტართან და გუბერნატორთან ერთად ინფრასტრუქტურული საკითხები განიხილეს.

"გუშინ იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და დღეს გუბერნატორთან და მაჟორიტართან ერთად სწორედ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე გვქონდა საუბარი. ვნახე ჩემი კოლეგებიც, მაგრამ ჩვენ ინდივიდუალურად გვქონდა შეხვედრები და სხვებმა რა თემაზე  ისაუბრეს არ ვიცი", - აღნიშნა მაკალათიამ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი ჯუმბერ იზორია.  მან გახარიასთან შეხვედრა არ დაადასტურა და თქვა, რომ გუბერნიაში მეგობრის სანახავად იყო.
alt
შს მინისტრმა, დაახლოებით, 8 საათიანი შეხვედრების შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა.

ამავე თემაზე:

გიორგი გახარია და ალექსანდრე მოწერელია მეთხილეებს შეხვდნენ

გიორგი გახარია: ზუგდიდში ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე არჩევნებთან დაკავშირებით 
Print