რეგიონი
მდინარე ნენსკრაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მზომი მოწყობილობა დაამონტაჟეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად, ადგილზე გაეცნო სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე დამონტაჟებულ ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მზომ მოწყობილობების სამუშაო პროცესს.

alt

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით მათ 24 საათის განმავლობაში ექნებათ მონაცემები ნენსკრაზე წყლის დონეების მატების და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ.

"უხვი ატმოსფერული ნალექების და მდინარეში წყლის დონის ექსტრემალურად მაღალი მატების შემთხვევაში მომზადდება გაფრთხილებები სტიქიური მოვლენის შესაძლებლობის შესახებ, მიღებული ინფორმაცია კი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს ეცნობება. ახლად დამონტაჟებული მოწყობილობები ხელს შეუწყობს მდინარე ნენსკრას აუზში სტიქიური მოვლენით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებას", - ამბობენ სააგენტოში.

alt

5 ივლისს ჭუბერში, ხორკალის მთის ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მდინარე ნენსკრა ადიდდა. სტიქიის შედეგად დეფორმაცია განიცადა, ან მთლიანად დაინგრა მდინარის ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები, დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაინგრა რამდენიმე ხიდი, დაზიანდა საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთები და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. 


Print