რეგიონი
პროკურატურაში ოპოზიციის მხრიდან ზუგდიდში ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოკითხვები მიმდინარეობს (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე და მოქალაქე ინეზა ფარულავა რაიონულ პროკურატურაში გამოსაკითხად დაიბარეს. უწყების შენობაში შესვლამდე მათ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. წითლიძის თქმით, პროკურატურა იმ მოქალაქეებს იბარებს, რომლებზეც მათ საგარანტიო ფურცლები გასცეს. მისივე განმარტებით, ეს ფურცლები, გაერთიანებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მოსახლეობას საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სოციალური პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.

alt
"გავეცით საგარანტიო ფურცლები იმ ადამიანებზე, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, იმაზე რომ მთავრობაში ჩვენი მოსვლის შემდეგ მათ საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, მოვუგვარებდით სოციალურ პრობლემებს. ამ ადამიანებს ვისზეც გავეცით ეს ფურცლები იბარებენ პროკურატურაში.  მას შემდეგ რაც პირველ ტურში "ქართულ ოცნებას" არ უშველა სოფლის რწმუნებულების, საჯარო მოხელეებისა და სრული ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებამ, ახლა გადაწყვიტეს რომ საარჩევნო პროცესში ჩართონ პროკურორები. მოქალაქეებს ერთ რამეს ეკითხებიან, თუ რატომ სჯერათ მათ გაერთიანებული ოპოზიციის და რატომ არ ენდობიან ამ მთავრობას", - ამბობს ანა წითლიძე.
alt
რაც შეეხება მოქალაქეს, რომელიც წითლიძესთან ერთად იმყოფებოდა, ის ამბობს, რომ მას პროკურორი ბადრი ჭკადუა დაუკავშირდა. მისი მტკიცებით, პროკურორმა  უთხრა, რომ ენმ-ს მიერ დარიგებული საგარანტიო ფურცლები ამომრჩევლის მოსყიდვა იყო.



"საგარანტიო ფურცელი გაქო აღებულიო და ეს არისო ამომრჩევლის მოსყიდვა. მე არ მიმითითებია საბანკო ვალდებულებების გასტუმრება არამედ, დავწერე, რომ ჩემ თავსა და ჩემს ოჯახს ვთვლიდი დაჩაგრულად ამ მთავრობის ხელში", - თქვა ინეზა ფარულავამ.

ენმ-ს ინფორმაციით, პროკურატურაში ინეზა ფარულავას მსგავსად კიდევ 25-მდე ადამიანია დაბარებული.

რადიო "ათინათს" პროკურატურაში უთხრეს, რომ მოქალქეების გამოკითხვა ენმ-ის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე მიმდინარეობს.








Print