რეგიონი
გალის რაიონში მანდარინის კრეფა უამინდობის გამო შეჩერებულია
გალში ციტრუსის მოსავლის აღება უამინდობის გამო ჯერ არ დაწყებულა. გალის რაიონის „სოფლის მეურნეობის სამმართველოს“ უფროსის თამაზ წვიჟბას ინფორმაციით, ციტრუსოვანი კულტურების  პლანატაციები აქ 450 ჰექტარზეა გაშენებული, მათგან 250 ჰექტარი - „სახელმწიფოსია“, დანარჩენი - კერძო სექტორის, წერს „აფსნიპრესი“. მისივე თქმით, წელს კარგი მოსავალია მოსალოდნელი, 2500 ტონა მანდარინის დაკრეფა იგეგმება. გასულ წელს აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის გამო ის 50 % - ით ნაკლები იყო.

ციტრუსის მოსავლის აღება 20 ნოემბერს გულრიფშის რაიონშიც დაიწყო, თუმცა უამინდობის გამო, ის დროებით შეჩერებულია. "სოფლის მეურნეობის სამმართველოს" წარმომადგენლის რაფიკ გრიგორიანის თქმით, ამ დრომდე, მოსავლის 20 - 25% აღებული. მისივე ინფორმაციით, რაიონში 13 ათასი ტონა მანდარინის მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი, თუმცა, მან აღნიშნა, რომ წელს პლანტაციების დიდი ნაწილი სეტყვამ დააზიანა, რის გამოც, პროდუქტი შეიძლება არასტანდარტული იყოს. გულრიფშის რაიონში ციტრუსოვანი კულტურები 800 ჰექტარზეა გაშენებული.

მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვლადიმირ დაუროვმა განაცხდა, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს აფხაზეთში ორჯერ მეტი მოსავალია მოსალოდნელი. მისი თქმით, წელს 30-35 ათას ტონამდე მანდარინი უნდა დაიკრიფოს, რაც კარგი მაჩვენებელია. გარდა ამისა, აფხაზმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პროდუქციის ხარისხიც ბევრად უმჯობესია შარშანდელთან შედარებით, რაც, მისი თქმით, აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგია. ციტრუსის მოსავლის აღება, ძირითადად, ნოემბერში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
Print