რეგიონი
სოხუმი შეშფოთებულია ვაზიანში ნატოს სამხედრო აეროდრომის შესაძლო მშენებლობით
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ნატო - საქართველოს აქტიური და მზარდი თანამშრომლობის გამო, ამის შესახებ უწყების ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. განცხადების თანახმად, საქართველოს ფართომასშტაბიანი მილიტარიზაცია, რომლესაც ვაშინგტონი ახორციელებს ამიერკავკასიაში დაძაბულობის პოტენციურ კერას ქმნის, რამაც შესაძლოა საბოლოოდ გამოუთხაროს ძირი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად გაწეულ ძალისხმევას“, - ნათქვამია და ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ნატო-ს სამხედრო აეროდრომის მშენებლობის თაობაზე იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო და ნატო თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადადიან.

„საერთაშორისო მოედნებზე მშვიდობიანი ინიციატივების წარდგენასთან ერთად, თბილისი აძლიერებს სამხედრო პოტენციალს. ყველაფერი ეს კი ხდება იმის ფონზე, რომ თბილისი განაგრძობს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლირების კურსს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სოხუმი ამ განცხადებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურის გენერალ სტივენ ლაიენსის შეხვედრას გამოეხმაურა, რომელზეც მხარეებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა განიხილეს.


Print