რეგიონი
ფონდის “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ახალი პროექტის EPIC პრეზენტაცია ზუგდიდში
ფონდი “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (AAH) ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. ის მიზნად ისახავს მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებით. AAH პროგრამის ფარგლებში გამოიყენებს დასაქმების და მეწარმეობის მეთოდოლოგიას, რათა ხელი შეუწყოს დევნილთა და ადგილობრივი მოწყვლადი მოსახლეობის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას. 

alt

სწორედ ამ პროექტის პროგრამა - "მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში" პრეზენტაცია გაიმართა დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროგრამა მეწარმეობისა და დასაქმების კომპონენტებისგან შედგება.

მეწარმეობის პროგრამა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს, ოთხ მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ზუგდიდს, ფოთს, წალენჯიხასა და სენაკს მოიცავს.

მეწარმეობის პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

მეწარმეობისა და პიროვნული განვითარების ტრენინგი;

გრანტები დამწყები ბიზნესისთვის 4 500 ლარამდე;

მეწარმეობის ფორუმი;

რაც შეეხება დასაქმების პროგრამას, მას AAH განახორციელებს და ის ზუგდიდის, ფოთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. შერჩეული მონაწილეები სესიებს კვირაში სამჯერ  დაესწრებიან.

დასაქმების პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

პიროვნული განვითარება; დასაქმების უნარ-ჩვევები; კომპანიებთან  შუამავლობა და კორპორატიული მოხალისეობა.

როგორც შეხვედრაზე ასოციაცია  „ათინათის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან ყალიჩავამ თქვა, შემუშავებული მეთოდოლოგია ბენეფიციარებს დაეხმარება გაიუმჯობესონ დასაქმებისა და მეწარმეობის კომპეტენციები, რომელიც  გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს.

alt

„ბენეფიციარების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდებს, ქალებს და დევნილებს. ზუგდიდში, სენაკში, ფოთსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში შეიქმნება 4 ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში იქნება 20 უმუშევარი და მოტივირებული ადამიანი, რომელთანაც მენტორები იმუშავებენ 5 თვის განმავლობაში. მონაწილეებს ჩაუტარდება ტრენინგები, ჯგუფური სესიები, ინდივიდუალური კონსულტაციები, შეხვედრები წარმატებული კომპანიების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან. მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში კი დაფინანსდება   საუკეთესო ბიზნეს იდეები“, - თქვა ყალიჩავამ.

alt

პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის განსახორ­ციელებლად და მიზნის მისაღწევად, Action Against Hunger თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციასთან „DVV International“ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან -  ასოციაცია “ათინათი’’, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ).

Print