ახალი ამბები
ზუგდიდში გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება
ზუგდიდში, 26 ნოემბერს გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად მისი მეგობრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები აქციას გამართავენ. საქმე ეხება პროკურატურის მიერ ბაძაღუასთვის მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვის ბრალდებას, რის გამოც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქტომბერში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გუკას მეგობრები და აქციის სხვა ორგანიზატორები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან და აღკვეთის ღონისძიების წინასწარი პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ. როგორც რადიო „ათინათს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა როსტომ ზარანდიამ უთხრა, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებებისთვის დამატებით ერთი თვე მოითხოვა.

alt

„აბსულუტურად არ აქვთ არავითარი მტკიცებულება გუკას წინააღმდეგ და ამ ფონზე კიდევ მოუმატეს წინასწარი პატიმრობის ვადა. ეს იქნება პირველი აქცია, მაგრამ სანამ ამ უსამართლობას არ დავამარცხებთ, აქციებსა და პერფორმანსებს პერიოდულად გავმართავთ“, - თქვა ზარანდიამ.

ზუგდიდში აქცია სახელწოდებით "დავიხსნათ სასამართლო და გუკა პროკურატურის ტყვეობიდან" სოციალურ ქსელში დაიგეგმა და ის რაიონული სასამართლოს შენობის წინ გაიმართება. ამავე დღეს გუკა ბაძაღუას პატიმრობას თბილისშიც გააპროტესტებენ.

გუკა ბაძაღუა მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად სკ-ის 376-ე მუხლი ედება, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.


Print