რეგიონი
ენმ: გიორგი გახარია ხალხის ნაცვლად კანონიერ ქურდებს ჩაეხუტა (ვიდეო)
ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, ზუგდიდში  შს მინისტრის გიორგი გახარიას ყოფნამ ე.წ. კანონიერი ქურდები გააქტიურა. მისი თქმით, გახარია მისი მოადგილის ლევან კაკავას მეშვეობით, უკავშირდება "მაყურებელს" ვინმე ხვიჩა ცხაკაიას და მისი გავლენით ცდილობს ხალხის დაშინებას. ამის შესახებ მურთაზ ზოდელავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან  ჟურნალისტებს ფოტო სურათები უჩვენა, რომლებზეც, მისი მტკიცებით, კანონიერი ქურდები და მათთან დაახლოებული ადამიანები არიან აღბეჭდილები.



"შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ სამეგრელოში ჩამოვიდა ხალხის ჩასახუტებლად და ეს იყო მათი გაცხადებული მიდგომა მას შემდეგ, რაც პირველი ტური წააგეს. ისე მოხდა, რომ გახარია ხალხს ვერ ჩაეხუტა, ხალხმაც როგორც ჩანს არ ჩაიხუტა, მაგრამ ის ჩაეხუტა მაყურებლებს, ბანდიტებს... ზუგდიდში "მაყურებელი" არის ხვიჩა ცხაკაია, ხოლო ხობში ვინმე მანუჩარ ქარჩავა. ეს ორი ადამიანი გააქტიურდა გახარიას დავალებით. მათთან უშუალო კონტაქტში იმყოფება მინისტრის მოადგილე კაკავა, რომელიც აქეთ გადმოსახლდა, თითქოს სხვაგან დალაგებული ჰქონდეთ კრიმინოგენული მდგომარეობა. მინდა მივმართო გახარიას, რომელსაც რაღაც ამბიციები ჰქონდა, რომ ებრძოლა ქურდულ სამყაროსთან მაგრამ ეს ყველაფერი წყალში ჩაყარეთ, ამ ორი კვირის განმავლობაში. თქვენ როგორც ჩანს პოლიციელების ხმები გაცვალეთ კანონიერი ქურდების ხმებში. აი ეს თორმეტი ადამიანი, რომლებიც ამ ფოტოებზე არიან, ალბათ მოგცემთ ხმას და კიდევ ეცდებიან დაატერორონ მოსახლეობა, მაგრამ არცერთი წესიერი ადამიანი თქვენ ხმას არ მოგცემთ", - თქვა ზოდელევამ.

ენმ-ს მტკიცებით, ე.წ. კანონიერი ქურდი ხვიჩა ცხაკაია დაბურულ საქარე მინებიანი მანქანით, სპეციალური ნებართვით გადაადგილდება და ის სხვა მაყურებლებთან ერთად პრივილეგიებით სარგებლობს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მთავრობა მათ თავისუფლებას და კარგ პირობებში ყოფნას ჰპირდება.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებენ.
Print