ახალი ამბები
უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა და მათი ოჯახებისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში, არტ-გალერეის საგამოფენო დარბაზში უგზო-უკვლოდ გაუჩინარების თემაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ფოტო-გამოფენას მართავს.
alt

გალერეაში 20-22 ნოემბერს 50 ფოტო გამოიფინება, რომელიც ასახავს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების გამოწვევებს, საქმიანობას, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გაუჩინარებული ადამიანების ნეშტების მოძიების, იდენტიფიკაციისა და ღირსებით დაკრძალვისათვის.

alt

„პირველად მსგავსი სახის გამოფენა წელს თბილისში ჩატარდა, ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფოტოარქივის მასალა, სადაც წარმოდგენილია ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი კოლაჟი. გვინდა ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი საქმიანობა, ასევე ამ ღონისძიებით მხარს ვუჭერთ 1000 უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს. გვსურს მთელი საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ გაუჩინარების პრობლემაზე, რომელიც არის დიდი ჰუმანიტარული გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ.



საქართველოში 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ამბობენ, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამართლებრივი სტატუსის არ არსებობა კიდევ ერთი გამოწვევაა მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურ ცხოვრებაში.



ორგანიზაცია ხელისუფლებასთან დიალოგს აწარმოებს და სპეციალისტებით დახმარებასაც უზრუნველყოფს. წითელ ჯვარში მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა უწყება მაქსიმალურად უნდა ჩაერღოს გაუჩინარებული ადამიანების ხვედრის დადგენაში. ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და იურიდიული სისტემა ოჯახების ეფექტური მხარდაჭერისთვის.

Print