არჩევნები
ISFED: კორცხელში გამგებელმა პედაგოგებს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა და ბიულეტენზე გვარის პირველი ასოს დაწერა დაავალა
"სამართლიანმა არჩევნებმა" არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორცხელში, სავარაუდოდ, მერის წარმომადგენელმა პედაგოგებს დაავალა, რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენში გასწვრივ საკუთარი გვარის პირველი ასო მიაწერონ. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა.

კორცხელში მერის წარმომადგენელი მერაბ თორდია ფაქტის არსებობას არ ადასტურებს და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

„სკოლა არ არის ჩემი სფერო და არც არანაირი დავალება მიმიცია. ჰკითხეთ ნებისმიერ პედაგოგს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თორდიამ.
Print