ახალი ამბები
ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში 2007 წელს გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გაუქმდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წალენჯიხის და ჩხოროწყუს სატყეო უბნების ტერიტორიებზე 2007 წელს 37 858,83 ჰა ფართობზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გააუქმა.

მათივე ცნობით, შემოწმების მასალების საფუძველზე, სააგენტომ დაადგინა, რომ ლიცენზიის ფარგლებში სისტემატურად ხდებოდა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება და ირღვეოდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

„გამოვლენილი დარღვევებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2 190 383, 70 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მფლობელის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები და გაუქმდა ლიცენზია. შედეგად, ლიცენზიანტს ჩამოერთვა ლიცენზირებულ ფართობზე დარჩენილი რესურსის ათვისების უფლება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამ დრომდე ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევებში ლიცენზიანტები ხე-ტყეს უკანონოდ და უსისტემოდ მოიპოვებდნენ.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ თითოეული ლიცენზიანტის საქმიანობას დეტალურად შეაფასებენ და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, უმკაცრეს ზომებს გაატარებენ.

უწყებამ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში 2009 წელს გაცემული ხე-ტყის დამზადების ლიცენზიაც გააუქმა.

Print