ახალი ამბები
დაცული ტერიტორიების სააგენტო: კოლხეთის პარკის ბუფერული ზონის შემცირება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგია
კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერული ზონის განახევრებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი მოლაპარაკებები და შეხვედრები უძღოდა წინ. როგორც რადიო "ათინათს" სააგენტოში უთხრეს, გადაწყვეტილება მხოლოდ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

"ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით იქნა მიღებული. ნადირობის მიმართულებით არაფერი არ შეცვლილა, ისევ ის რეგულაციები მოქმედებს რაც იყო ადრე. აქ საუბარია მხოლოდ ბუფერული ზონის შემცირებაზე და იმაზე თუ რამდენი მეტრით შეიძლება მიუახლოვდეს მონადირე ეროვნულ პარკს. აქ საუბარია გადამფრენ ფრინველებზე, ისიც გარკვეული რაოდენობითა და გარკვეული ტიპის გადამფრენ ფრინველზე", - ამბობენ სააგენტოში.

კოლხეთის ეროვნული პარკის  500 მეტრიანი ბუფერული ზონა 250 მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა 15 ნოემბერს გამოსცა.

"ზუგდიდის მონადირეთა კავშირში" ამბობენ, რომ ეს მათი ექვსწლიანი მოთხოვნა იყო, რომელიც ერთ დღეში დაკმაყოფილდა. ისინი სამინისტროსგან მათ მიერ წამოჭრილი სხვა პრობლემის გადაჭრასც ელოდებიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, 2018-2019 წლების სეზონზე ნადირობა დაშვებულია რამდენიმე სახეობის ფრინველებზე, ნადირობის ვადების, დღიური ლიმიტისა და  ნადირობის ადგილების მიხედვით. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დაშვებულია აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე. წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები.

ნადირობა აკრძალულია  სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 250-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდელი მონადირეები: ექვსწლიანი მოთხოვნა ერთ დღეში დაკმაყოფილდა და კოლხეთის ეროვნულ პარკის ბუფერული ზონა შემცირდა
Print