ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბთან დღეს საღამოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" შს სამინისტროში განუცხადეს. "ფაქტის შესახებ ცნობილია ჩვენთვის და მოხდა სამართლებრივი რეაგირება", - აცხადებენ უწყებაში.

ინციდენტი ენმ-ზუგდიდის ოფისთან დღეს საღამოს მოხდა. ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, მათ ოფისს სამი ადამიანი დღეს მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და ფოტოებს უღებდა, რაც, მისივე თქმით, უკანონო ქმედებაა.

"სამი პირი, მათ შორის, ერთ-ერთი ზუგდიდის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი ნიკა მაქაცარია, უკანონოდ გვითვალთვალებენ მთელი დღე. გვითხრეს, რომ მედიის წარმომადგენლები არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ტყუილია. ისინი ასრულებენ სუს-ის და "ქართული ოცნების" შტაბის დავალებას. მოვუწოდებ ზურაბიშვილის შტაბს, რომ დაანებონ თავი ასეთი ქმედებებისთვის მერიის თანამშრომლების და აქტივისტების გამოყენებას და შეეშვან პროვოკაციებს", - გვითხრა წითლიძემ.

თავად ინციდენტის მონაწილეების ინფორმაციით კი, ისინი ონლაინ-მედია "მეველეს" თანამშრომლები არიან და შტაბთან ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს კომენტარისთვის ელოდებოდნენ. მათივე მტკიცებით, მათთან ანა წითლიძე მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ნიკა მაქაცარია ზუგდიდის მერიის ააიპ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომელია, რაც მერიაში დაგვიდასტურეს.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში კი აცხადებენ, რომ მათ ამ ადამაინებისთვის არავითარი დავალება არ მიუციათ და ისინი, როგორც თავად თქვეს, მედია-ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან.
Print