მურთაზ ზოდელავა:გვაქვს ჩანაწერი, რომელშიც ისმის, თუ როგორ აშინებენ ჩვენს კოორდინატორს (ვიდეო)
12:35 / 25.11.2018
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხობში მათ მხარდამჭერებსა და კოორდინატორებს აშინებენ. ამის შესახებ, ოპოზიციური პარტიის სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მურთაზ ზოდელავამ დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ზოდელავა ამბობს, რომ მათი პარტიის წევრებსა და აქტივისტებზე ზეწოლას გია პერტია ახორციელებს, რომელიც მისივე მტკიცებით, მრავალჯერ არის ნასამართლევი. ზოდელავას ინფორმაციით, არსებობს აუდიო ჩანაწერი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და მას პერტიას წინააღმდეგ შესაბამის უწყებებს წარუდგენენ.
"მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რამდენიმე დღეა გია პერტია ატერორებს ხობის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებს და წევრებს. ჩვენ მივმართეთ ხობის სამმართველოს თუმცა ეს ადამიანი კვლავ განაგრძობს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინებას. ერთ-ერთმა უშიშარმა ადამიანმა, რომელიც არის ყოფილი პოლიციელი, მოახერხა ჩაეწერა თუ როგორ ხდება მისი დატერორება, თუ როგორ ეუბნებიან მას რომ არ იმოძრაოს და არ დაუჭიროს მხარი ოპოზიციას. ჩვენ ამ აუდიო ჩანაწერის წარდგენას ვაპირებთ ხობის სამმართველოში და მოვითხოვთ გია პერტიას შეჩერებას. შს მინისტრი იმყოფება აქ და იმის ნაცვლად მიხედოს ამ საქმეს, უტიფარ ტყუილებს გვთავაზობს. მინდა ვკითხო შს მინისტრს, ვის მხარეს არის თადარიგის ოფიცრებისკენ, პოლიციის, ყოფილი პოლიციელის, თუ მრავალჯერ ნასამართლევი ბანდიტებისკენ?
სხვათა შორის გია პერტაიას განაჩენი დაუდგა 2016 წელსაც ამ ხელისუფლების პირობებში და მას ჩამოერთვა მართვის უფლება, თუმცა დღეს ის რა ავტომობილითაც გადაადგილდება დაფიქსირებულია და მისი წარდგენაც მოხდება პოლიციაში.
არსებობს უამრავი კითხვები მინისტრთან თუმცა ის დუმს, ან ილაპარაკოს ან წავიდეს და დაბრუნდეს თბილისში, იმ კაბინეტში საიდანაც უნდა იმართებოდეს ლეგიტიმურად და სწორად შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ შეიძლება შსს-ს ძველბიჭებთან ერთად "ჩაცუცქულმა" მინისტრმა მართოს", - ამბობს ზოდელავა.
ზოდელავას თქმით, აღნიშნულ აუდიო ჩანაწერის მოსმენისა და გავრცელების შესაძლებლობა ჟურნალისტებს, მისი პოლიციაში წარდგენის შემდეგ ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები