ახალი ამბები
თავისუფლება გუკას - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობის წინ გუკა ბაძაღუას მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა, რომელთა შორის ბაძაღუას ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა მოქალაქეები იყვნენ, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ბაძაღუას წინასწარი პატიმრობა და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

“ვაპროტესტებთ პროკურატურის თავნებობას. უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე დააკავეს, მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა და 46 დღე წაართვეს უკვე თავისუფლების. გვინდა, რამენაირად დავიხსნათ მანკიერი სისტემის კლანჭებისგან წარმატებული სტუდენტი“, - უთხრა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა როსტომ ზარანდიამ.
alt
აქციაზე იყო ბრალდებულის და ნინო ბაძაღუაც, რომელმაც მისი ძმის მიმართ არსებულ ბრალდებაზე ისაუბრა და თქვა, რომ არც გუკა და არც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება პროკურატურის ბრალდებას და მოსამართლის გადაწყვეტილებას.

„გამოუშვან ჩემი უდანაშაულო ძმა ციხიდან, მას გამოსასწორებელი არაფერი სჭირს. თუ გამოკეტავენ ოთხ კედელში, ვერ შეიტანს წვლილს საქართველოს წინსვლაში“, - თქვა ნინო ბაძაღუამ.
alt
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „მეც გუკა ვარ, ყველა ციხეში?“, „გუკა პროკურატურის ტყვე“, „მორჩეს ტყვეობა“ და სხვა.

აქციის ბოლოს მათ სიმბოლურად სასამართლოს ჭიშკარზე ხელები მიიბეს.
alt
გუკა ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეუფარდა. მას ბრალად მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვა ედება.

ამავე თემაზე:

"გამოუშვით გუკა" - ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


Print