ახალი ამბები
12-იანელთა საზოგადოება: მივცეთ შანსი ხელისუფლებას და ვუთხრათ უარი ნაციონალებს (ვიდეო, ფოტო)
ზუგდიდში, კულტურის ცენტრ „ოდიშში“ საზოგადოებრივმა მოძრაობამ „12-იანელები - ღირსეული საქართველოსთვის“ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის მწერლის მერაბ შათირიშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციაში არამხოლოდ 2012 წელს, არამედ 90-იან წლებში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები და "ზვიადისტებიც" შედიან.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ამომრჩევლებისათვის „ქართული ოცნებისთვის“ შანსის მიცემისა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უარის თქმისკენ მოეწოდებინათ.



„პარტია ქართული ოცნების“ ხელშეწყობის გარეშე ჩამოვყალიბდით და ვიბრძოლებთ, რომ მათი შეცდომების ხარჯზე არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“. სალომე ზურაბიშვილს დავუჭერთ მხარს, სწორედ იმიტომ, რომ ნაციონალები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - თქვა შათირიშვილმა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის როსტევან გვარამიას თქმით, ისინი ხელისუფლებას უჭერენ მხარს, რათა საქართველო არ გადავიდეს განვითარების ისტორიული გზიდან.

alt
„ცოტა პრაგმატულად ვაზროვნებთ, ასე ვთქვათ, გავცემთ ავანსად დივიდენდებს, რომ ხელისუფლება მოვიდეს აზრზე და საქართველო არ გადავიდეს თავისი განვითარების ისტორიული გზიდან. არა მგონია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს პრეზიდენტის პოსტს სამართლებრივად და კონსტიტუციურად“,- თქვა გვარამიამ.

ერთ-ერთმა მონაწილემ ჩხოროწყუდან ნაირა ციმინტიამ ზუგდიდელებს მიმართა.

„აქ იყო მათი სამკვიდრო, ამიტომ მოვეგოთ გონს და ერთხელ კიდევ დავფიქრდეთ, რა გველის“, - თქვა ციმინტიამ.

alt

შეხვედრაზე გამომსვლელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამომრჩევლებმა პირადი წყენა და მძიმე სოციალური ფონი გვერდზე უნდა გადადონ და არ დაუშვან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დაბრუნება.

ორგანიზაციაში, რომელიც მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაფუძნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2 ათასზე მეტი წევრია.
Print