არჩევნები
ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს
ზუგდიდის მე-15 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის დროს სამართალდამცავებმა "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელ ი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინება შევიდა, რომლის თანახმადაც N15-ე საარჩევნო უბანზე მივიდა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვ.ხ. რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა იქ მყოფ პირებს. უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ უბანზე ვახტანგ ხვიჩია არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა და გადასატანი ყუთის სიის წარდგენა მოითხოვა, რის შემდეგაც მასსა და კომისიის თავჯდომარეს ლუიზა თევზაძეს და კომისიის წევრ ლეილა თვალთვაძეს დროს შელაპარაკება მოხდა. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ შელაპარაკების დროს ვახტანგ ხვიჩიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაგინა ლუიზა თევზაძეს და ლეილა თვალთვაძეს.

თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში მომხდარს აფასებენ, როგორც საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას, რადგან, შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, ვახტანგ ხვიჩია მათი დამკვირვებელია და სრული უფლება ჰქონდა, მოეთხოვა სია.

"ამ უბანზე 14 ისეთი პირია შეყვანილი გადასატანი ყუთის სიაში, რომელიც ჯანმრთელია და გადასატანი ყუთის მომსახურებას არ საჭიროებს. ყველა უბანზე ჩვენი მხრიდან სიის წარდგენის მოთხოვნას მოყვა ასეთი რეაქცია", - გვითხრა წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო, თუმცა პირველად სწორედ ვახტანგ ხვიჩიას მიაყენეს შეურაცყოფა.
Print