რეგიონი
საარჩევნო უბნის კომისიის წევრი: მოქალაქე აკუწვით გვემუქრება (ვიდეო)
ზუგდიდის #21 უბანზე ენმ-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ემუქრებიან. როგორც რადიო "ათინათს" დამკვირვებელმა მაიკო ჩუხუამ უთხრა, მისთვის გაურკვეველ პირებს, რომლებიც უბანთან იმყოფებოდნენ და ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ხელში დანა ეჭირათ.



"მათ მოქალაქის გაყვანა დაიწყეს, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ნაციონალებს არ მისცეთ ხმაო. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი დამკვირვებელი გაიყვანეს და მას დანით ემუქრებოდნენ, ამით აგკუწავო, ჭკვიანად იყავიო, ეს ფაიფურია და სხვა არ გეგონოსო. მე დავრეკე ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან ლევან კონჯარიასთან, რათა მოეხდინა რეაგირება", - ამბობს ჩუხუა.

alt


ერთ-ერთი კომისიის წევრი თამარ ტაბაღუა მისი მისამართით მუქარის ფატს ადასტურებს და ამბობს, რომ მუქარა არა მხოლოდ მას, არამედ ყველა "ნაციონალს" ეხებოდა.

"მითხრა, რომ ოთახში რაღაცებს ხლართავო, თან, დანაც ეჭირა ხელში. სამჯერ დაემუქრა, თუ გაიმარჯვებთ, აგკუწავთ ნაციონალებსო, კარებთან იდგა. ორნი იყვნენ, ერთ-ერთს დანა ეჭირა", - თქვა თამარ ტაბაღუამ.

ზუგდიდის #21 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჟანა ყურუას ინფორმაციით, მან კომისიის წევრის თხოვნით პოლიცია გამოძახა, თუმცა, მუქარის ფაქტები მას არ უნახავს.

"უბანში შიგნით არანირი მუქარა არ იყო და გარეთ რა ხდებოდა, არ ვიცი. შემომჩივლა ერთ-ერთმა წევრმა გარეთ გასვლის მეშინია და გამოვიძიე პოლიცია, რომ უბნის გარეთ სიტუაციაც იყოს მშვიდი. მითხრეს, ჩუმად მემუქრებოდაო და მანახეს ის პიროვნებაც, თუმცა მას ახლა აქ ვერ ვხედავ", - გვითხრა ყურუამ.
Print