რეგიონი
საია: შეტყობინება, რომელიც რომეო საჯაიამ გაასაჯაროვა, მუქარას არ შეიცავს
ზუგდიდის 20-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარის სალომე წულაიასთვის ყოფილი პროკურორისა და მოქმედი ადვოკატის  რომეო საჯაიას მიერ გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც მოგვაწოდა, შესაძლოა მუქარას არ შეიცავდეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ჯემალ ჭკადუას ინფორმაციით, ეს შეიძლება იყოს არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, თუმცა მუქარად იმ შემთხვევაში აღიქმება, თუ ვინმეს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით ემუქრებიან და ის რეალურია.

"ნებისმიერ პირს აქვს უფლება შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობისას მიმართოს პროკურატურას და ეს მუქარად არ ფასდება. მუქარა არის,როცა პირს ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით ან ჯანრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით და ეს მუქარა არის რეალური", - ამბობს ჯემალ ჭკადუა.

რომეო საჯაია ამტკიცებს, რომ ის კომისიის თავმჯდომარეს არ დამუქრებია და მას მხოლოდ ერთადერთი, შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა:

"ვერ გიშველის გვასალია. სათითაოდ გამოვკითხავთ ყველა პირს, ვინც ადასტურებს ამ ქმედებას. შესაბამისად, მივმართავთ პროკურატურას და დავაწყებინებთ გამოძიებას. დარწმუნებული იყავი, დღეს იქნება თუ ხვალ, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებით", - წერს ადვოკატი  წულაიას.

თავის მხრივ, ზუგდიდის #20-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სალომე წულაია აცხადებს, რომ მას ყოფილი პროკურორი რომეო საჯაია ემუქრება. წულაიას თქმით, ის მუქარის შემცველ წერილებს სხვა პირებისგანაც ღებულობს. კომისიის თავმჯდომარე პოლიციაში განცხადების დაწერას და ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. წულაიას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ის ამ დრომდე პოლიციის შენობაში იმყოფება.


ამავე თემაზე:

მეოცე უბნის თავმჯდომარე: მადანაშაულებენ, რომ არჩევნები გავაყალბე და მემუქრებიან, რომ უნდა დავისაჯო 

რომეო საჯაია: უბნის თავმჯდომარეს არ დავმუქრებივარ, მივწერე, რომ კანონის წინაშე აგებდა პასუხს


Print