არჩევნები
ზუგდიდის 20-ე საარჩევნო უბნის ბათილობის შესახებ საჩივარი არ დაკმაყოფილდა
ზუგდიდის #67-ე საოლქოში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სადაო გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების საჩივარი, სადაც ისინი აღნიშნული უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის დავით აქუბარდიას თქმით, აღნიშნულ უბანზე რეგისტრატორს დაეკარგა სამაგიდო სიის ერთი ფურცელი და ხელმოწერებს ბიულეტენების რაოდენობა არ დაემთხვა, რაც მისი მტკიცებით ბათილობის საფუძველს იძლევა.

რაც შეეხება 20-ე უბნის კომისიას და წევრებს, მათ სხდომაზე განაცხადეს, რომ ზეწოლის ქვეშ მუშაობდნენ და არ იციან რა ვითარებაში დაიკარგა სამაგიდო ფურცელი. 

#67 საოლქო კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ უბნის ბათილობის საფუძველი არ არსებობს და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა , თუმცა თავმჯდომარეს და რეგისტრატორს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილება მიიღეს.

ასევე კამათი მოჰყვა მე-4 უბანზე დაწერილი საჩივრის განხილვას, სადაც ორგანიზაცია "პოლიტიკისა და სამართლის ობსერვატორიის" დამკვირვებელი კობა კვარაცხელია კომისიის წევრის ელისო შენგელიას უბნიდან გაძევებას უსაფუძვლოდ მიიჩნევდა და თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მხარეებს შორის კამათი დროს სხდომიდან საოლქოს თავმჯდომარის და კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გააძევეს ორგანიზაცია "აპრიორის" წარმომადგენელი გიორგი ფიფია და "საქართველოს პარლამენტთა საზოგადოების" დამკვირვებელი მირანდა გოგოხია.

სხდომაზე 11 საჩივარი განიხილეს, რომელთაგან 8 არ დაკმაყოფილდა, სამი კი კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
Print