ახალი ამბები
კახათში ჩასახლებული დევნილები გიორგი გახარიას მისვლას ითხოვენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები, რომელთა საერთო საცხოვრებელსაც წუხელ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, შს მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ აღნიშნულ ჩასახლებაში მცხოვრებმა დევნილმა თეონა ქარდავამ უთხრა. ის ამბობს, რომ ორი კორპუსი, სადაც 20-მდე ოჯახი და მათ შორის 25 ბავშვი ცხოვრობს, სახურავის გარეშეა. ქარდავას ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე წუხელ და დღეს დილითაც იყვნენ, თუმცა მათ ჩასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ საუბარი, უშუალოდ, მინისტრთან სურთ.

„ნაწილობრივ გადახურული იყო პოლიეთილენის პარკით, ახლა ქარმა ისიც გადახადა და ძველი სახურავის ნაწილიც. წუხელაც იყვნენ და დღეს დილითაც, აზომეს და გვითხეს, რომ იმ კვირიდან დაიწყება სამუშაოები, თუმცა მათი დაპირებები ხშირად არ სრულდება და ყველაფერს კვლავ ჩვენ დევნილებს გვაბრალებენ. როგორც ვიცით აქ იმყოფება მინისტრი გიორგი გახარია და ვითხოვთ, რომ მოვიდეს, გაეცნოს ვითარებას. ბევრი გვაქს მისთვის სათქმელი და ამის უფლებაც გვაქვს, რადგან ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჩვენი ჩასახლებიდან აქვს“, -  ამბობს ქარდავა.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემა დევნილთა პოლიკლინიკის ყოფილ შენობაში მცხოვრებლებსაც აქვთ.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ხვალ დილიდან სარემონტო სამუშაოები ყველა ლოკაციაზე, განსაკუთრებით კი ჩაის ფაბრიკის დასახლებაში დაიწყება.


ამავე თემაზე:

გიორგი გახარია ზუგდიდში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ეცნობა

გიორგი გახარია ზუგდიდში: უახლოეს პერიოდში დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს

ზუგდიდში სტიქიის შედეგად 85-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა
Print