ახალი ამბები
მეგის ქარდავას ექსტრადირების ნაცვლად შინაპატიმრობა მიესაჯა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან მეგის ქარდავას, რომელიც უკრაინაშია დაკავებული, საექსტრადაციო პატიმრობის ნაცვლად შინაპატიმრობა შეეფარდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. 

"მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ და მას შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი. მეგის ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისათვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა. შესაბამისად, ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, რაც გულისხმობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მისი ექსტრადიციის საკითხის განმხილველ ორგანოში წარმოდგენა. ამასთან, თავშესაფრის მინიჭების პროცედურების დასრულებისთანავე, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოითხოვება 11 სისხლის სამართლის საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც იგი გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში. პროკურატურაში.

მეგის ქარდავა 5-წლიანი ძებნის შემდეგ უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იძებნებოდა და მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.


ამავე თემაზე:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ქარდავას ყალბი პასპორტები აღმოაჩნდა


Print