რეგიონი
გალის რაიონის კულტურულ-ისტორიული ობიექტების რუკა შეადგინეს
დე ფაქტო აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრმა გალის რაიონის ღირსშესანიშნაობები შეისწავლა და შესაბამისი რუკა შეადგინა. "აბხაზია ინფორმის“ ცნობით, სამეცნიერო პროექტის პრეზენტაცია სოხუმში გასულ კვირაში გაიმართა. კვლევების მონაწილის, ისტორიკოს ინა ჟურავლიოვას თქმით, გალის ისტორიული ობიექტების შესწავლის და დაფიქსირების იდეა შემთხვევითი არ ყოფილა. მისი თქმით, აფხაზეთის ეს რაიონი ყველაზე ნაკლებად არის შესწავლილი ისტორიული და არქეოლოგიური თვალსაზრისით“. მან აღნიშნა, რომ აფხაზი მოხალისეების ჯგუფი, რუკის შექმნის მიზნით, სამი თვის განმავლობაში სწავლობდა გალის რაიონის არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლებს. 

"სულ შვიდი გასვლა განვახორციელეთ გალის რაიონის სხვადასხვა უბნებზე, შევაგროვეთ ფოტო და ვიდეო - მასალა, ასევე დავაფიქსირეთ ციხე-სიმაგრეების ნანგრევები, საკულტო ტაძრები, არქიტექტურული და სამრეწველო ობიექტები. ექსპედიციის დროს ჩვენ საინფორმაციო პრობლემას წავაწყდით, რადგან ყველა წყარო არქიტექტურული ობიექტების შესახებ ან ქართულ ენაზეა, ან საერთოდ არ არის. ასე რომ, ჩვენ პრაქტიკულად თავიდან მოგვიხდა ობიექტების შესწავლა, რადგან ეს მაჩვენებლები აფხაზ მეცნიერებთან ერთად გადაგვემოწმებინა", - აღნიშნა აფხაზეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა შანდორ კაიტანმა.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით საინტერესო გალის რაიონის სოფელი ჭუბურხინჯი აღმოჩნდა, სადაც მოხალისეებმა, დღემდე შემონახული აკირტავების გვარის ტაძარს მიაკვლიეს. 

ისტორიკოსის განმარტებით, რუკა, "რომელიც მთლიანად ხელით არის შესრულებული, GPS მონაცემების საშუალებით, "განათლების სამინისტროს“ გადაეცემა, რათა მკვლევარებმა და არქეოლოგებმა ისტორიული ობიექტები უფრო დაწვრილებით შეისწავლონ". რუკაზე 20 არქიტექტურული ობიექტი და 10 მონუმენტია დატანილი.  


გარდა ამისა, პროექტის ავტორების ინიციატივით, შეიქმნება სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვას ისტორიულ-კულტურული ობიექტები.

Print