ახალი ამბები
ზუგდიდის მერია საახალწლო საჩუქრებისა და საშობაო ბაზრობისთვის თითქმის 66 ათას ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიებისთვის ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტების თანახმად, საშობაო ბაზრობის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 149 გამოიყოფა. საგამოფენო სივრცისთვის იგეგმება 9 ცალი ტენტის მოწყობა და 15 „საშობაო ქოხის“ განთავსება. „საშობაო ბაზრობა“ ზუგდიდის სკეიტ-პარკში ან ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა.

33 897 ლარი გამოიყოფა მრავალშვილიანი ოჯახების, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანების, მარტოხელა მშობლების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, 100 წელს გადაცილებულებისა და უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისათვის საჩუქრებისთვის. 

მათ მერია სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის, რძეს, შაქარს, ხორცის კონსერვებს, ქათამს, ზეთს, კარაქს, კარამელს, თაფლს, ლიმონათს, ფქვილს და ვაფლის ტორტს დაურიგებს. ახალი წლის ღამეს მომუშავე ორგანიზაციებისთვის კი კალათები ღვინით, შოკოლადით, ყავით და ანანასით დარიგდება.

რაც შეეხება საახალწლო სასაჩუქრე პაკეტებს, რომელსაც დაგეგმილ ღონისძიებაზე მოწვეულ, ასევე, სოციალურად დაუცველ, დედ-მამით ობოლ, აუტიზმის დღის ცენტრის, ნეიროგანვითარების ცენტრის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადაეცემათ, ამისთვის 6 640 ლარია გათვალისწინებული.

საახალწლო განათებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კი გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 323 653 ლარი გამოიყო. ხელშეკრულება „სითი ლაითთან“ უკვე დადებულია და კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში საახალწლო განათებების მოწყობა მერიას სულ მცირე 324 ათას ლარამდე დაუჯდება 




Print