ახალი ამბები
გათავისუფლებულმა გიდმა სამსახურში აღდგენის განჩინება მუზეუმს ჩააბარა (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ დღეს მუზეუმის ადმინისტრაციას  სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა. 13 გვერდიან განჩინებაში წერია, რომ ზოდელავა სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდური აუნაზღაურონ. ზოდელავას თქმით, მას სურდა, რომ განცხადება პირადად მუზეუმის დირექტორისთვის ლილი ბერაიასთვის გადაეცა, თუმცა ის ადგილზე არ დახვდა. 

„თუ უარს იტყვის ჩემს აღდგენაზე, სააღსრულებლო იმოქმედებს კანონის ფარგლებში. თუკი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ყურადღებას არ მიაქცევს, მაშინ მივმართავ ყველა ორგანოს აუცილებლად ჩემი სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მე არ გავჩერდები“, - უთხრა ჟურნალისტებს ზოდელავამ.

alt

უზენაესმა სასამართლომ მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ელზა ზოდელავას სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 2018 წლის ივნისში უკანონოდ ცნო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მუზეუმს ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.



მანამდე, ზოდელავას სარჩელი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარემ სააპელაციოში გაასაჩივრა.

ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან გიდად 6 წელი მუშაობდა. ის სამსახურიდან 2017 წლის პირველ თებერვალს გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:

უზენაესმა სასამართლომ სამსახურიდან გათავისუფლებული გიდი სამსახურში აღადგინა



Print