ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყებას სთხოვს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით  მიმართვას აპირებს. შენგელიამ რადიო „ათინათს“  უთხრა, რომ საგამოძიებო ორგანო წერილობითი მიმართვის გარეშეც უნდა დაინტერესებულიყო ამ საკითხით. ამბობს, რომ მას ამ ეტაპზე მტკიცებულებები აქვს განათლების სამინისტროს ოთხი წარმომადგენლის, მათ შორის, მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის წინააღმდეგ.

„მოვითხოვთ იმ ადამიანების დასჯას, ვინც განახორციელა ეს სადამსჯელო ოპერაცია, მათ შორის, შემსრულებლის, დამკვეთის, გადაწყვეტილების მიმღები პირის. ესენი არიან განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც, ადგილზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მათი უფროსი, რომლის ხელმძღვანელობით ან დახმარებით, მოხდა სკოლაში ასეთი ფორმით ინსპექტირება. ასევე, განათლების მინისტრის, რომელმაც გამოსცა ეს ბრძანება, რომლის საფუძველზე დაიწყო და განხორციელდა მთელი ეს პროცესი. დიდი ალბათობით, სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც იყო ამაში ჩართული, თუმცა მტკიცებულებები მაქვს ამ ადამიანების წინააღმდეგ“, - გვითხრა შენგელიამ.

ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით სხვა პირების ჩართულობაც იკვეთება და ამის თქმის საფუძველს შენგელიას, მისივე თქმით, სკოლის შემოწმების ხისტი ფორმები და სისწრაფე აძლევს.

„ლოგიკური ჯაჭვი იძლევა საშუალებას, რომ ეს დასკვნა გავაკეთოთ. არანაირი სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ არსებობს, ანონიმური წერილის საფუძველზე, რომ ორ კვირაში დაიდოს ასეთი დასკვნა“, - აღნიშნა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელია დარწმუნებულია, რომ არა კერზაიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, სამეურვეო საბჭო მისი გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემდა. 

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და დირექტორი ია კერზაია თანამდებობაზე დატოვა.

ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის მკურნალობის კურსს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამავე თემაზე:

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)


Print