რეგიონი
„ჩერნომორენერგო“ ზამთრის პერიოდზე: კრიპტოფერმები აფხაზეთის ენერგოსისტემას დააწვა
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას კომპანია „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ ჯვარის წყალსაცავზე და აფხაზეთის ენერგოსისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, წერს „აფსნიპრესი“.  მისი ინფორმაციით, ჯვარის წყალსაცავში წყლის დონე თითქმის 486 მეტრია, ხოლო წყლის შემოდინება – 70 კუბურ მეტრია, ორი დღის წინ ეს მაჩვენებელი 210 კუბურ მეტრს შეადგენდა, რაც ბასარიას თქმით, კარგი მაჩვენებელია.

მისი განმარტებით,  ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის 100% აფხაზეთზე მოდის. აქედან გამომდინარე, ჯვარის წყალსაცავში არსებული წყლის მოცულობა, „რესპუბლიკის საჭიროებებს ვერ ფარავს“. ბასარიას თქმით, მთავარი სირთულე აფხაზეთის ტერიტორიაზე ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა წარმოადგენს. გარდა ამისა, ელექტროხაზებს დამატებით ტვირთად აფხაზეთში მოქმედი კრიპტოფერმები (ციფრული ვალუტის შექმნა კომპიუტერების საშუალებით) დააწვა.

"მაინინგის ფერმები მეტწილად,ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უმოქმედო ან ნაწილობრივ მოქმედი ქარხნების შენობებში იხსნება.გამოდის, რომ არსებობს, რისკი იმისა, რომ ზამთის პერიოდში გამომუშავებულ ელექტროენერგიას ჩვეულებრივ მომხმარებლამდე ვერ მივიტანთ“, - დასძინა "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა. 

ამასთან დაკავშირებით, ასლან ბასარიამ იმედი გამოთქვა, რომ შეიქმნება სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებს და ელექტროენერგია, პირველ რიგში რიგით მომხმარებელს მიეწოდება. ის გამოსავალს ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარებაში ხედავს , რაც აკრძალვით ღონისძიებებში (არაკანონიერი ქმედებები) ან ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს.

Print