ახალი ამბები
ზუგდიდში დაგროვებითი პენსიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ზუგდიდში დაგროვებითი პენსიისა და საპენსიო რეფორმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს აღნიშნულთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ აღნიშნა, დაგროვებითი პენსიის  რეფორმა 1 იანვრიდან ამოქმედდება და მისი ერთ-ერთი  მიზანი სიბერეში მატერიალური უზრუნველყოფაა.

„უნდა ვაღიაროთ, რომ იყო ინფორმაციის ნაკლებობა ახალი საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელსაც დაჩქარებულ რეჟიმში შევავსებთ. ვხვდებით დაინტერესებულ პირებს, მოსახლეობას და ვაცნობთ ინფორმაციას ამ რეფორმის და სიკეთის შესახებ. იმ ბენეფიტების შესახებ, რომელსაც ის მოიტანს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში. კანონი ძალაში აგვისტოდან შევიდა, ხოლო მისი ზოგიერთი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო შენატანებს, ძალაში შევა პირველი იანვრიდან. ამ რეფორმას აქვს ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა. ერთი არის ის, რომ ადამიანები უზრუნველყოფილი იყვნენ სიბერეში მატერიალურად. უახლოეს მომავალში ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ძალიან დიდი უპრეცედენტო საინვესტიციო კაპიტალის გაჩენას, რომელიც აისახება ეკონომიკაზე, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზის განვითარებას და ამას ვიგრძნობთ ყველა უახლოეს მომავალში“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

alt

სააგენტოს განმარტებით, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.  

შეხვედრა, რომელიც სასტუმრო "ლოტოსის" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "დეას" ხელმძღვანელის მადონა ხარებავას თქმით, დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმა დაგვიანებულია, თუმცა სქემა, რომელიც სააგენტომ წარმოადგინა, საინტერესოა.

"ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა. რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, მე ვფიქრობ, რომ დაგვიანებულია ეს რეფორმა. ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ საქართველოს შეეძლო გადასულიყო ამ სქემაზე იმიტომ, რომ ყველა ქვეყანაში მიზერულია და ადამიანები პენსიის დაგროვების ხარჯზე ცხოვრობენ ღირსეულად. იმაზე, თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, შეგვიძლია დანერგვიდან 2-3 წლის შემდეგ ვისაუბროთ. სქემა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, ძალიან საინტერესოა. თავისთავად ცხადია, რომ ეს არის ახალი და იქნება ხარვეზები. გასათვალისწინებელია ის ადამიანები, რომლებიც არიან თვითდასაქმებულები“, - ამბობს მადონა ხარებავა.

დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო.

Print