ახალი ამბები
სოხუმი: ნატო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას საფრთხეს უქმნის
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატოს გენერალურ მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.  სოხუმი სტოლტენბერგის მიმართვას „მორიგ პროვოკაციად“ აფასებს.

„ევროპელი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერაზეა მიმართული, რომელმაც გენოციდის არაერთი აქტი და შეიარაღებული აგრესია ჩაიდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ. ასევე გვსურს შევახსენოთ ნატოს გენერალურ მდივანს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებას საბოლოო და შეუქცევადი ხასიათი აქვს. საქართველო-ნატოს ფორმატში სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას დამატებით საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ისინი აქვე დასძენენ, რომ "აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების ყოფნა მკაცრად რეგლამენტირებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებით“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან. 



ამავე თემაზე :

ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება

Print